სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გიორგი რურუასა და ნიკა მელიას თავისუფლებაზე ვიხილავთ
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შარლ მიშელთან დაგეგმილი შეხვედრის უმთავრესი მიზანი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე მსჯელობაა.
„დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ ერთხელ, მასთან ერთად გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და პირველ რიგში - პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარს, გიორგი რურუას, ისე მეორე პოლიტპატიმარს, ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ეს გახსნის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ამან უნდა მიიყვანოს ეს ქვეყანა იმ არჩევნებამდე, რომელიც, ფაქტობრივად, შინაარსით, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ თავისი პოლიტიკური დატვირთვით, ეს იქნება რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავლისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში მივიდა. შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ოთახში მიმდინარეობს. მას ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრება.
შარლ მიშელი დღეს უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. დღის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.





