დავით ზალკალიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი
ფოტო: Facebook
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. თუკი დღემდე ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დეკლარაციები, რეზოლუციები და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, ახლა ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ცალსახად აღიარებს, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია და იმყოფება რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„იქ ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, იზღუდება თავისუფალი გადაადგილება, კლავენ ადამიანებს და განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე საუბარი ყველა ფორმატში. ეს საკითხი გავიტანეთ ეუთოს მუდმივ საბჭოზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე. გავაგრძელებთ ამაზე მსჯელობას გაეროს სხვადასხვა ფორმატში. გარდა ამისა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და გატაცება. ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ზაზა გახელაძის უსამართლო დაკავება და მისთვის უკანონო განაჩენის გამოტანა. ეს ყოვლად მიუღებელი ფაქტი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა მივმართეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური იყოს ყველა საერთაშორისო ფორმატში ისე, როგორც ეს იყო წინა შემთხვევების დროს. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას და ამ მიმართულებით ძალისხმევას არც მომავალში დავიშურებთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა უკვე გამოუცხადა.





