არჩილ თალაკვაძე: მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: ქართული ოცნება
პირველ რიგში, მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ, ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების უფრო მეტ მონაწილეობას და თანამშრომლობას ქვეყნის მართვის პროცესში, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალზე დადებითად. „მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება. ჩვენ მომდევნო დღეებში ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში არაერთი პრობლემა რჩება. „ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, ოჯახს სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა და ჩვენ ამ საქმეს ხვალიდანვე შევუდგებით. საქართველომ დაამტკიცა, რომ პანდემიის პირობებშიც შეუძლია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, შევცვალეთ ქვეყნის კონსტიტუცია ევროპული ტიპის კონსტიტუციით, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა ისე, როგორც ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და შევძელით, ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების გატარება ქვეყანაში, როგორიც არის ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმები, ინფრასტრუქტურის განახლება, განათლების მნიშვნელოვანი რეფორმა და რაც მთავარია, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენთვის უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.
დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, თავისი ხმა, თავისი მონაწილეობა არჩევნებში გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ტემპებში, რომელშიც ვიყავით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება, რაც მთავარია, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.
საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.





