ნინო არღვლიანი
ახალი ფიგურანტები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში
პოლიტიკა

გვანცა გვიმრაძე
ფოტო ნინო არღვლიანის
ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში მოწმეები ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესებზე ლაპარაკობენ, მათ შორის ფიგურირებენ ერეკლე კოდუა, ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში ყოფილი ჩინოვნიკების ბრალი გამოიკვეთება. დაცვის მხარის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა სოდის მაღალჩინოსნები მეუბნებოდნენ, რომ ამ საქმის გახსნა პრეზიდენტის დავალება იყო და თუ არ გაიხსნება ჩვენ თანამდებობებზე არავინ დაგვტოვებსო.
ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელიც გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას დანაშაულს აღარ ამტკიცებს. 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ სახელმწიფო ბრალდება მათ უდანაშაულობაზე ალაპარაკდა. დღის წესრიგში მსჯავრდებულების გათავისუფლების საკითხი დადგა, თუმცა დღეს ეს არ მომხდარა. ადვოკატის თქმით, გვიჩიანი და ჩემია სასჯელაღსრულების დაწესებულებას სავარაუდოდ მომდევნო პროცესის შემდეგ დატოვებენ. შემდეგი პროცესი იანვარშია ჩანიშნული. გვიჩიანი და ჩემია შეიძლება 3 ან 5 იანვარს გათავისუფლდნენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საკუთარი სიტყვით არ ისარგებლეს მსჯავრდებულებმა. მათ სურთ პროცესები არ გაჭიანურდეს. გია გვიჩიანის ძმამ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნოდარ გვიჩიანმა, რომელმაც თავის დროზე ბრალი აღიარა და დაკავებულებს ხელი დაადო, მისწერა მას, რომ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის დავალებას ასრულებდა.





