კობა ლურსმანაშვილი: მაჟორიტარებმა, რომლებსაც ამბოხებულებს გვეძახდნენ, შედეგს მივაღწიეთ
პოლიტიკა

კობა ლურსმანაშვილი
ფოტო: არქივი
როცა კოლეგებთან ერთად მხარი არ დავუჭირე მაშინ წარმოდგენილ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ეს სხვადასხვა არგუმენტებით იყო განპირობებული. მათ შორის, თუნდაც იმით, რომ გამარჯვებულ პარტიას 47-48 პროცენტი რომ ჰქონოდა, მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ ეძლეოდა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში სულ კრიზისის მოლოდინში იქნებოდნენ.
„2024 წლამდე ნებისმიერი შემდგომი არჩევნები ჩატარდებოდა იგივე სისტემით, რაც გარკვეულ სტიმულს აძლევდა ოპოზიციას კვლავ დესტრუქციისკენ ყოფილიყვნენ მიდრეკილნი. პატარა პარტიებს არ ეძლეოდა შესაძლებლობა პარლამენტში მოხვედრის. ყველა ეს არგუმენტი დღეს წარმოდგენილია დადებითი პოზიციით საკონსტიტუციო ცვლილებაში. მაჟორიტარებმა, რომლებსაც ამბოხებულებს გვეძახდნენ, შედეგს მივაღწიეთ და რეალურად დარჩა შერეული სისტემა. რეგიონებს ეყოლებათ წარმომადგენლები, რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ოლქებს, ისიც გადაწილდება. ჩვენ ვიცით, რომ ხმათა თანაბრობა იქნება დაცული და საქართველოში 30 ოლქი შეიქმნება“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.





