მედია: უნგრეთმა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გააუქმა
მსოფლიო

რობერტ ბროვდი
ფოტო: Getty Images
უნგრეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ ბროვდისთვის, მეტსახელად „მადიარისთვის“, ქვეყანაში შესვლისა და ცხოვრების სამწლიანი აკრძალვა გააუქმა. ინფორმაციას უკრაინული მედია უნგრულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აკრძალვა, რომელიც შენგენის ზონაზეც ვრცელდებოდა, 2025 წლის აგვისტოში უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ განხორციელებული დარტყმის შემდეგ დაწესდა. უნგრეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ შეზღუდვა უკრაინელ სამხედრო მეთაურს შეეხებოდა, რომელსაც უნგრეთი ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმასთან აკავშირებდა. აღნიშნული მილსადენით, უნგრეთი რუსულ ნავთობს იღებდა.
ბროვდი უკრაინის დასავლეთში, ქალაქ უჟგოროდშია დაბადებული და ეთნიკურად უნგრელია. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მაღალი რანგის ეთნიკური უნგრელია.
მედიის ცნობით, აკრძალვის შესახებ ჩანაწერი უნგრეთის საიმიგრაციო რეესტრიდან უკვე ამოღებულია.
უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მანამდე აცხადებდნენ, რომ აკრძალვის გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე აღარ იარსებებდა.
გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრამდე მიიღეს. ლიდერები 24 ნოემბერს უკრაინის კარპატიის ოლქში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მადიარი აპრილში უნგრეთის მთავრობის მეთაური გახდა.
მოლაპარაკებების დროს მხარეები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.





