გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს - ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია, მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ
მსოფლიო

იოჰან ვადეფული
Reuters
ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსულ გემებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, კონფლიქტის გეოგრაფიული არეალის გაფართოების საფრთხეზე ისაუბრა.
„უკრაინის თავდაცვის უფლება ეჭვს არ იწვევს და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. თუმცა, დაბეჯითებით ვაფრთხილებ ამ კონფლიქტის გეოგრაფიული გაფართოების დაუშვებლობაზე“, - განაცხადა მან ბერლინში, რუმინელ კოლეგასთან, დან ნიკოლაესკუსთან შეხვედრის შემდეგ.
„რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, უკრაინა კი თავს იცავს. სანამ ის სამხედრო სამიზნეებს ურტყამს, ეს კანონიერია“, - თქვა ვადეფულმა. „მაგრამ კონფლიქტის გაფართოებას ვერ მოვიწონებ“, - დასძინა მან.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, საჭიროა „კონფლიქტის ლოკალიზება“ და „ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილება“, კერძოდ კი, „ბალტიის ზღვის რეგიონში ნაოსნობისა და გარემოსთვის საფრთხის თავიდან აცილება“. მისი თქმით, ამ საკითხზე ევროკავშირში „ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს.





