ჯარედ კუშნერი: მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან სერიოზული საკითხია - ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
GettyImages
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ-მა შეძლო მოსკოვისთვის მისაღები გაეხადა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი შეთანხმება ნატოს მე-5 მუხლის მსგავს მექანიზმს დაეფუძნება.
კუშნერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ამ იდეის მიმართ გარკვეული უნდობლობა კვლავ არსებობს, რის გამოც ევროპასა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის აღდგენა აუცილებელია.
„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობაა, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ვაშინგტონის მხრიდან მსგავსი გარანტიების გაცემა სერიოზული ნაბიჯია და დონალდ ტრამპი ამ საკითხის განსახილველად მზად არის, თუმცა შეთანხმება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტს უნდა ეფუძნებოდეს.
„ამერიკის პერსპექტივიდან ვიტყვი, რომ მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა ძალიან, ძალიან სერიოზული საკითხია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამისთვის ღიაა, თუმცა, ცხადია, ეს ამერიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილია“, - დასძინა კუშნერმა.





