CNN: აშშ ირანის წინააღმდეგ „ბომბის დედის“ გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც შესაძლოა ე.წ. ბომბის დედის გამოყენებასაც ითვალისწინებდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს ბომბი ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბრძოლო მოქმედებების განახლების ბრძანებას გასცემს, შუალედურ არჩევნებამდე ან მის შემდეგ.
როგორც CNN-ი წერს, GBU-43/B ტიპის მასიური საავიაციო ბომბის (MOAB) გამოყენება, რომელიც აშშ-ის არსენალში არსებული ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია, ირანთან მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს. თუმცა, იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ შიდა სამხედრო დაგეგმვის პროცესთან დაახლოებული რამდენიმე წყარო ეჭვობს, რომ მას შეეძლება ტრამპის მიერ გამოცხადებული რომელიმე სტრატეგიული მიზნის მიღწევა ან ომის მსვლელობაში ძალთა ბალანსის შეცვლა.
ტრამპი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა დაასრულოს ომი, რომელიც ამერიკელებში განსაკუთრებით არაპოპულარულია. „რესპუბლიკელები“ კი ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა შესაძლო უკურეაქციასთვის ემზადებიან. ამასთან, აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვის დაწყებიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ნიშნები, რომ ორივე ქვეყანა შეთანხმების გზით კონფლიქტის დასრულებას უახლოვდება, ჯერჯერობით არ ჩანს, წერს ტელეარხი.
ამერიკელი სამხედროები ტრამპს ირანში დარჩენილი სამიზნეების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების სხვადასხვა ვარიანტს კვლავ წარუდგენენ. ამავდროულად, ზოგიერთი მაღალჩინოსანი პირად საუბრებში ეჭვქვეშ აყენებს, აქვს თუ არა თეთრ სახლს სტრატეგია, რომელიც ამ სამხედრო გეგმებს ომის რეალურად დასრულების შესაძლებლობასთან დააკავშირებდა. ომის დასრულების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.
CNN-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, ტრამპი და მისი მრჩევლები ომის დასრულების ისეთ ვარიანტებს განიხილავენ, რომლებიც, სულ მცირე, საჯარო კომუნიკაციის თვალსაზრისით, კონფლიქტის „საბოლოო“ დასრულებად წარმოჩენის საშუალებას მისცემდა. მათ კარგად ესმით, რამდენად არაპოპულარული გახდა ომი ამერიკელებში.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპმა სამხედროებს ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების გეგმების შემუშავება დაავალა. სამიზნეებს შორის „ბევრი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია“, ხოლო ერთ-ერთ ვარიანტად MOAB-ის გამოყენებაც განიხილება.
იმავე წყაროს თქმით, საუბრისას გამოიყენეს ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, ეს თავდასხმა უნდა განხორციელდეს „აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონიდან (CENTCOM) ძალების გაყვანამდე“. ეს მიანიშნებს, რომ ადმინისტრაციამ შესაძლოა დამატებითი დარტყმები განახორციელოს, შემდეგ გამარჯვება გამოაცხადოს და ქვეყნიდან მთელი სამხედრო კონტინგენტის სწრაფად გაყვანა სცადოს.
მეორე წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის პიქაქსის მთის ობიექტზე შესაძლო თავდასხმის სამხედრო გეგმებში MOAB-ის გამოყენებაც პირდაპირ არის გათვალისწინებული.





