ზელენსკი: არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
Reuters
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
მისი თქმით, „არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ“, - აღნიშნა მან.
ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების ჩატარება გამორიცხა.
„რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, - ასე უპასუხა მან შეკითხვას შესაძლო ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ.
ზელენსკი ამტკიცებს, რომ ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინულ მიწას რუსულად არასდროს აღიარებს.
„თუ მე ხელისუფლებას ჩამოვშორდები, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია“, - დასძინა პოლიტიკოსმა.





