ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

იემენელი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, კვირას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ჭურვი მოხვდა, რამაც ერთ-ერთ სამგზავრო დარბაზში ხანძარი გამოიწვია. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი - პაკისტანის მოქალაქე ემსხვერპლა.
ერთი დღით ადრე იმავე აეროპორტზე განხორციელებულმა იერიშმა 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 308.
იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ თავდასხმების უკან ისინი დგანან. დაჯგუფების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.
მათ ასევე იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობობიექტებსა და დამამის აეროპორტზე, - განაცხადა მათი არმიის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარიამ. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს „მასშტაბურ ოპერაციებს საუდის არაბეთის სიღრმეში“ და გააფრთხილა, რომ საუდის არაბეთის ყველა აეროპორტი პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს, წმინდა ქალაქების - მექასა და მედინას გარდა.
ჰუსიტების განცხადებით, საუდის არაბეთზე დარტყმების მიზეზი იემენის სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებისადმი მისი მხარდაჭერა და სანას აეროპორტზე განხორციელებული საჰაერო იერიშია.





