საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: მკაცრად ვგმობ ძალადობას პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ - ამის მაგალითია პარიზი, სადაც სამართალდამცველებს სახურავებიდან საკვამურის ნატეხები დაუშინეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება
მსოფლიო

ლორან ნუნიესი
Reuters
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლორან ნუნიესი ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, თუმცა მკაცრად დაგმო პოლიციელებსა და ჟანდარმებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცველების პროფესიონალიზმს, რომლებმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყვეს მშვიდობიანი მსვლელობების უსაფრთხოება და ოპერატიულად აღკვეთეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობები.
ამასთან, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ძალადობრივ ინციდენტებზე.
„მკაცრად ვგმობ ძალადობას პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ. ამის მაგალითია პარიზი, სადაც სამართალდამცველებს სახურავებიდან საკვამურის ნატეხები დაუშინეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება“, - დასძინა მან.





