მედია: ავსტრიაში ორი უკრაინელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მსოფლიო

მიხაილო ტკაჩი
ფოტო: Facebook
უკრაინული გამოცემა Ukrainska Pravda-ს საგამოძიებო ჟურნალისტი მიხაილო ტკაჩი და მისი კოლეგა, ოპერატორი იაროსლავ ბონდარენკო ვენაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავების შემდეგ ტკაჩი გაათავისუფლეს, თუმცა რედაქცია მასთან დაკავშირებას კვლავ ვერ ახერხებს. ხოლო მისი კოლეგა იაროსლავ ბონდარენკო დაკავების დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის გერჰარდ კარნერის განცხადებით, ორივე უკრაინელი ჟურნალისტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მინისტრმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ტკაჩი გაათავისუფლეს, ბონდარენკო კი კვლავ პატიმრობაში რჩება.
Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორის სევგილ მუსაევას ინფორმაციით, ტკაჩი 9 ოქტომბერს, დილის 4 საათზე გაათავისუფლეს, თუმცა მისთვის საკომუნიკაციო მოწყობილობები ჯერ არ დაუბრუნებიათ, რის გამოც რედაქცია მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
მუსაევას თქმით, ბონდარენკო დაკავების დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ ოპერატორის დაკითხვა მხოლოდ ღამით დაიწყო.
რედაქციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გაურკვეველია ორივე ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსი. მან ავსტრიელ სამართალდამცველებს დაკავების გარემოებების, ბონდარენკოს დაშავებისა და ჟურნალისტების ხანგრძლივი დაკავების მიზეზების განმარტება მოსთხოვა.
ტკაჩი ვენაში სარედაქციო დავალებით იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ის და ბონდარენკო უკრაინის ყოფილ გენერალურ პროკურორს რუსლან კრავჩენკოს ეძებდნენ. უკრაინულმა მხარემ ავსტრიაში დიპლომატიური არხებით დაიწყო მუშაობა ჟურნალისტების უფლებების დასაცავად და დაკავების გარემოებების გასარკვევად.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გიორგი ტიხის განცხადებით, უკრაინელი დიპლომატები და საკონსულოს თანამშრომლები ავსტრიელ კოლეგებთან თანამშრომლობენ. სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გაათავისუფლეს თუ არა ბონდარენკო.
Ukrainska Pravda-მ ტკაჩის დაკავებას უკანონო უწოდა და ავსტრიის სამართალდამცველებისგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა. გამოცემა საერთაშორისო ჟურნალისტურ და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსაც მიმართავს მხარდაჭერისთვის.
მიხაილო ტკაჩი უკრაინის ერთ-ერთი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია. ის კორუფციისა და ფულის გათეთრების შემთხვევებს იძიებს. 2024 წლის თებერვალში ტკაჩი და ბონდარენკო პოლონეთშიც დააკავეს, როდესაც პოლონეთს, რუსეთსა და ბელარუსს შორის საქონლის ტრანზიტს იძიებდნენ.





