იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოავლინეს
კულტურა

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოავლინეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოჩენილი ნაგებობების შესწავლა მნიშვნელოვანია კომპლექსის ისტორიისა და განვითარების დასადგენად, 2026 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა დააფინანსა.
გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ეს ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შუა საუკუნეების ამ უმნიშვნელოვანესი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას.
კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც ობიექტის პერიოდის დაზუსტებისა და XIII საუკუნის მიწურულს კომპლექსის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის შესწავლისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სრული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით, ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, რის შემდგომაც დაიგეგმება გამოვლენილი ნაგებობების კონსერვაცია.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





