საფრანგეთში მუზეუმიდან 210-კილოგრამიანი წიგნი მოიპარეს, რომლის ყდაც სალვადორ დალიმ შექმნა
კულტურა

ფოტო: X
ისუარის თანამედროვე ხელოვნების კერძო ცენტრიდან ჟოზეფ ფორეს წიგნი „აპოკალიფსი“ სალვადორ დალის მიერ შექმნილ ბრინჯაოს ყდასთან ერთად მოიპარეს.
კლერმონ-ფერანის პროკურატურის ცნობით, ქურდობა 5 ოქტომბრის ღამეს მოხდა. ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და ნიჟარებით შემკული ყდა 150 კგ-ს იწონის. მთლიანი ეგზემპლარის წონა ფურცლებთან ერთად 210 კგ-ს აღწევს.
ჟოზეფ ფორემ ეს პროექტი 1958 წელს ჩაიფიქრა. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაზე დაფუძნებულ წიგნზე 1961 წლამდე კულტურის 14 ცნობილი მოღვაწე მუშაობდა, მათ შორის ჟან კოქტო, ლეონარ ფუჟიტა, ოსიპ ზადკინი, ბერნარ ბიუფე და სხვები. მხატვრები ილუსტრაციებს პერგამენტის მასიურ ფურცლებზე ქმნიდნენ. სულ წიგნში 150-მდე ფურცელია 95 ათასი კალიგრაფიული ნიშნით. ასოების ნაწილი ოქროთია დაფარული.
1961 წლიდან 1972 წლამდე ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 146 ექსპოზიციაზე გამოიფინა. მოგვიანებით წიგნი შვეიცარიაში ინახებოდა, შემდეგ კი იაპონელ მფლობელებს გადაეცათ. 2003 წელს ისუარში არსებული სარესტავრაციო კომპანიის ხელმძღვანელმა, კრისტიან კარუცოსმა, გამოცემა გამოისყიდა, როდესაც წინა მფლობელები მის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას გეგმავდნენ. გარიგების თანხა მას არ დაუსახელებია. შექმნის მომენტში წიგნი 2 მილიონ ფრანკად შეფასდა. მაშინ ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ წიგნად ითვლებოდა.
კარუცოსს პერგამენტების ნაწილი და ყდა თავის ხელოვნების ცენტრში ჰქონდა გამოფენილი. ისუარის მერმა, ბერტრან ბარომ, ზარალის მასშტაბს შეუფასებელი უწოდა. მისი თქმით, მფლობელი ამ დანაკარგს საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვად მიიჩნევს.





