ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი: 11 წლის ვაჟის მდგომარეობა იყო უფრო მძიმე, მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება გოგონას, ბავშვი აბსოლუტურად ადეკვატური არის, ნათელი ცნობიერებით, სტაბილური ჰემოდინამიკით. ინტერესდება სათამაშოებით, ხატავს. ფსიქოლოგები მუშაობენ ერთ ბავშვთანაც და მეორესთანაც
ჯანდაცვა

ვიდეო/კადრი
ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებული ორი მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გია ბიბილაშვილის განცხადებით, 11 წლის ბიჭი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოლო გოგონა, მკურანლობას პედიატრიულ განყოფილებაში გადის.
„11 წლის ვაჟის მდგომარეობა იყო უფრო მეტად მძიმე და ამიტომ ის მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ხოლო გოგონა ნაკლებ მძიმე დაზიანებებით, ზოგადი პედიატრიის განყოფილებაში.
ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნათელი ცნობიერება აქვს, სასიცოცხლო მაჩვენებლები აბსოლუტურად ნორმაშია. რამდენიმე დღე დაყოვნდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და შემდეგ გადავა ნეიროქირურგების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება გოგონას, აღენიშნებოდა მძიმე ჰიპოთერმია, თუმცა შემოსვლისთანავე მისი ცნობიერება იყო ნათელი, კონტაქტში შემოდიოდა და კითხვებზე პასუხობდა. ჩაუტარდა კვლევები, უტარდება შესაბამისი თერაპია. ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად ადეკვატური არის, ნათელი ცნობიერებით, სტაბილური ჰემოდინამიკით. ინტერესდება სათამაშოებით, ხატავს. ფსიქოლოგები მუშაობენ ერთ ბავშვთანაც და მეორე ბავშვთანაც. გოგონა მალე დატოვებს კლინიკას “, - განაცხადა გია ბიბილაშვილმა.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.




