ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ლეი ხაიჩაომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ლეი ხაიჩაომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტი ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. საქმე ეხება ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების, ტელემედიცინის, ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების საკითხებს.
მემორანდუმი ასევე მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულირების სფეროში. ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების სფეროშიც.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა სისტემის ხარისხის, ეფექტიანობისა და მკურნალობის უწყვეტობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.





