ესპანეთი ევროპას მოუწოდებს, კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვის შესახებ დისკუსია დაიწყოს
ჯანდაცვა

პედრო სანჩესი
ფოტო: Bloomberg
ესპანეთი ევროპას მოუწოდებს, კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვის შესახებ დისკუსია დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„ეს აუცილებელი დებატებია. მეცნიერებამ პასუხი მოგვცა საკუთარი თავის დასაცავად“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვირუსის ლეტალობა პანდემიის დაწყებიდან მცირდება. „ჩვენ უნდა შევაფასოთ კორონავირუსის ევოლუცია პანდემიიდან ენდემურ დაავადებამდე“, - აღნიშნა მან.
პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ახლა შეიძლება არსებობდეს მიზეზები, რათა დაავადება განსხვავებული პარამეტრებით შეფასდეს, ვიდრე აქამდე იყო გამოყენებული.
ესპანეთის მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში მონიტორინგის ახალ მიდგომაზე მუშაობდა და ჯანდაცვის მინისტრმა, კაროლინა დარიასმა ეს საკითხი ევროპელ კოლეგებს გაუზიარა.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვა.
„ენდემურობის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ. ენდემურობა გულისხმობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ვირუსის სტაბილური ცირკულაციაა პროგნოზირებად დონეზე და ეპიდემიის გადაცემის პოტენციურად ცნობილი და პროგნოზირებადი ტალღები. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს ის ენდემურია“, - აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.




