„სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან
ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე
ფოტო: Facebook
ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.
„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.




