ხათუნა მაისურაძე
ლენტეხის საკარანტინო ზონაში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დასრულდა
ჯანდაცვა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ლენტეხის საკარანტინო ზონაში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დასრულდა. თერმოსკრინინგი 5000 მდე ადგილობრივს ჩაუტარდა და მაღალი ტემპერატურა არცერთთან გამოვლენილა. სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ტვიბში ადგილზე გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა. მისი განცხადებით სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
რწმუნებულმა ლენტეხში არსებული სასურსათო მაღაზიებიც შემოიარა და სურსათით მომარაგების საკითხი გადაამოწმა, სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებს უწყვეტ რეჟიმში მოამარაგებენ და ლენტეხში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება. რწმუნებულმა კერძო დაწესებულებებში თანამშრომლებს, რომელთაც მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, ქართული წარმოების პირბადეები გადასცა.
გარდა ამისა, ლენტეხში მოხალისეები საინფორმაციო ბუკლეტებს ქუჩებში არიგებენ და მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აცნობენ. ამ დრომდე თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. თვითიზოლაციაში ლენტეხში 41 და ცაგერში 17 პირი იმყოფება.





