საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკა

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მსჯელობა ასევე შეეხო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივისთვის ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ინიციატივით დაწყებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, უზრუნველყოფს საქართველოს ფიზიკურ დაკავშირებას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას და საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული კვანძის პოტენციალის გაძლიერებას.
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩემმა ქვეყანამ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის. ამასთანავე, მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივად უმნიშვნელოვანეს პროექტთან ერთად, ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ზრდის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და სექტორის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებისა და მსხვილი პროექტების შესახებ.
„ამ დინამიკიდან გამომდინარე, ძალიან გვახარებს, რომ როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წლებშიც ჩვენს ადგილობრივ ენერგობაზარს მნიშვნელოვანი დადგმული სიმძლავრეები დაემატება. ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება. ეს ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დამატებითი განახლებადი ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაციისა და რეგიონული ელექტროენერგიით ვაჭრობის გაფართოებისთვის. ამ ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის განახლებული მექანიზმების იმპლემენტაციის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ განახლებადი ელექტროენერგიის შიდა გენერაციის გაზრდას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონისა თუ ევროპული ბაზრებისთვის სუფთა ენერგიის მიწოდების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის.
„გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის. ეს ასევე ასახავს ჩვენს საერთო ვალდებულებას, ავაშენოთ უფრო მდგრადი, ურთიერთდაკავშირებული და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავალი. საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მინისტერიალში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პროექტის მიმდინარე სტატუსი, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს ვიცე-პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





