საქართველოს ბიზნესასოციაციამ (BAG) კონფერენცია „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ გამართა
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ყოველწლიური მასშტაბური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი, კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის პირდაპირი, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვა იყო. დისკუსიების ფარგლებში მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვითაც, შეფასდა ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებით.
ღონისძიების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას: „ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო, დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ხოლო მოდერაციას ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე უწევდა. პანელის მსვლელობისას საუბარი შეეხო სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მექანიზმებს.
ასევე, გაიმართა მეორე პანელური დისკუსია: „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. სესიაზე ყურადღება გამახვილდა სექტორულ რეფორმებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასა და შრომის ბაზრის გამოწვევებზე.
დისკუსიების დასრულების შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხით გაგრძელდა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები პანელის მონაწილეებისთვის.
„მსგავსი ფორმატის ღონისძიებები და ღია დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც დღეს ბიზნესსა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წინაშე დგას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.





