ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზაში დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები - მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო ეს პროექტები
ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე
ფოტო: საქართველოს რკინიგზა
„საქართველოს რკინიგზაში უკვე დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართვის გარეშე. ზოგადად სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით, შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სრულიად ახალი, თანამედროვე სამგზავრო მატარებლებით იფუნქციონირებს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დაგვეფინანსებინა ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.





