მაია ომიაძე: საქართველოში ევროკავშირიდან ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ტურისტების ნაკადი გაიზარდა ჩინეთიდან, ისრაელიდან და შუა აზიის ქვეყნებიდანაც
ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, არაერთი მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთიდან, ევროკავშირიდან, ისრაელიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან.
მისი თქმით, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციამ და აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიებმა სექტორს მეორე კვარტალში დაფიქსირებული მცირე კლების შემდეგ, მესამე კვარტალში ზრდად გარდაქმნის შესაძლებლობა მისცა.
„პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ძალიან ბევრი მიმართულებით საკმაოდ რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საკუთარ რეკორდებს ვხსნით. მაგალითად, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს ჩინეთიდან მოგზაურთა რაოდენობის მხრივ, რაც ასევე განაპირობა შანხაის მიმართულებით პირდაპირი რეისის დანიშვნამ და იმ მსხვილმა, კომპლექსურმა მარკეტინგულმა კამპანიებმა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. წელს და შარშან განსაკუთრებით აქტიურები ვიყავით ჩინურ ბაზარზე და ეს უკვე სტატისტიკაშიც აისახება.
ევროკავშირიდანაც ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობა გვყავს. არასოდეს ამდენი ევროკავშირის პასპორტის მფლობელი არ ჩამოსულა საქართველოში. ისრაელიდანაც ძალიან დიდი ზრდა გვაქვს. ასევე, საინტერესო ზრდის ტენდენცია გვაქვს შუა აზიის ქვეყნებიდან.
ჩვენი ტოპ-15 ქვეყანა საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი ბაზრების დივერსიფიკაციაა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ტურიზმი ძალიან მოწყვლადი სფეროა და ნებისმიერი მოვლენა, რომელიც გარემოში ხდება, პირველ რიგში, ტურიზმზე აისახება.
მეორე კვარტალში ის მცირე კლება, რომელიც გვქონდა, სწორედ რეგიონში მიმდინარე ომებმა გამოიწვია. თუმცა, ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად შევძელით, მეორე კვარტლის შედეგები მესამე კვარტალში ზრდად გვექცია და საკმაოდ დიდი მატება გვქონოდა“, — განაცხადა ომიაძემ.





