მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა შევძლოთ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის კიდევ უფრო გაზრდა და გაძლიერება“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სექტორში თანამრომლობაზე.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით, ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის სექტორში. მსჯელობა შეეხო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ შუა დერეფნის კონტექსტში და რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე სატრანსპორტო სექტორში, როგორიც არის საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება-მოდერნიზაციის დასრულება, ის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონული სატრანსპორტო მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ 2029 წლამდე გაორმაგდეს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობა საპორტო, ისევე როგორც სარკინიგზო კუთხით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს.
„ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და იმ გეგმის თაობაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს, რომ 2029 წელს პირველი გემი მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. მსჯელობა შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ხელს უწყობს არაერთი მიმართულებით საკითხების დადებითად გადაჭრას, რაც სარგებლის მომტანია ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





