ნათია თურნავა: მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, მშენებლობის დარგს რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეექმნება
ეკონომიკა

ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მშენებლობის დარგს რაიმე სერიოზული პრობლემა შეექმნას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „საერთო მონაცემების მიუხედავად, არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის დარგს უჭირს. რა ახსნა გაქვთ თქვენ და სად ხედავთ გამოსავალს?“.
„გეტყვით, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება არის კარგად გადანაწილებული პრაქტიკულად ყველა სექტორზე. წლის განმავლობაში, თითქმის ყველა სექტორი თანაბრად იზრდებოდა. პირველ რიგში სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე, ტურიზმში ხდებოდა აღდგენა. თუმცა რა თქმა უნდა არის ზოგიერთი სექტორი, რომელიც უფრო ნაკლები ტემპით ვითარდება, ვიდრე სხვა დარგები. მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ კარგი პროექტები გვაქვს. იგივე თუნდაც, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხმარება დეველოპერებს და სამშენებლო დარგს გარკვეულწილად. მაგალითად შეგახსენებთ ახალ ინიციატივას, რომელიც წელს სექტემბერში ამოქმედდა და ძალიან მოთხოვნადია. ეს არის იმ ოჯახების იპოთეკური სესხების ხელშეწყობა, ვინც მრავალშვილიანია, ან ახალი ოჯახის წევრი შეეძინათ. მათ შეუძლიათ, რომ შეიძინონ ბინა ჩვენი დახმარებით და იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება ხდება ჩვენი პროგრამის საშუალებით. ეს პარალელურად რა თქმა უნდა მშენებლობის სფეროსაც ეხმარება, რადგან მსყიდველუნარიან მოთხოვნას ვასტიმულირებთ და ვინარჩუნებთ და თან ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს და უკვე 1000-მდე ოჯახმა მიმართა ამ ორ-სამ თვეში ამ პროგრამას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული ხარჯები სახელმწიფოს მიერ ასევე ეხმარება მშენებლობის სექტორს, ასტიმულირებს ამ დარგს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მიუხედავად პანდემიისა, ბიუჯეტიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დანახარჯები გვაქვს საჯარო ინფრასტრუქტურაში. ეს არის მშპ-ის 8%-მდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მშენებლობის დარგს რაიმე სერიოზული პრობლემა შეექმნას“, - განაცხადა თურნავამ.





