ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის დაფინანსებას 50 მილიონი ლარით
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის დაფინანსებას 50 მილიონი ლარით. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული გრანტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში დამატებით 120 მილიონი ლარის მექანიზაცია შემოვიდეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საჭიროება, რაც ჩვენ ფერმერებს გააჩნიათ გათვალისწინებული იქნება ამ პროგრამაში.
„ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც პრეზენტაციაზე აქცენტი გაკეთდა, არის ის, რომ გარდა შემნახველი მეურნეობების, ახალი ბაღების, ახალი სათბურებისა და ა.შ, რაც ჩვენ სოფლის მეურნეობას ასე სჭირდება და რაშიც ჩვენ თანადაფინანსებით უნდა დავეხმაროთ ჩვენ ფერმერებსა და ინვესტორებს, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია. ეს არის საყოველთაოდ საჭირო რამ, რაშიც სახელმწიფო ახდენდა თანადაფინანსებას როგორც საკრედიტო რესურსის გაიაფების კუთხით, ისე საგრანტო თანადაფინანსება, თუმცა ეს რესურსები მაინც შეზღუდული იყო ბიუჯეტის გამომდინარე. დაანონსდა და უკვე მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის დაფინანსებას 50 მილიონი ლარით. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული გრანტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში დამატებით 120 მილიონი ლარის მექანიზაცია შემოვიდეს. ყველა საჭიროება, რაც ჩვენ ფერმერებს გააჩნიათ გათვალისწინებული იქნება ამ პროგრამაში და ეს არის ყველაზე მაღალი დაფინანსება, რაც ჩვენ აქამდე ამ მიმართულებით გვქონდა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




